ძველი ქართველი მხატვრები

ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი - ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971)
   ბიოგრაფიული ცნობები :

1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (1922-1927). 1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება - ზოგჯერ ხალისინი და სადღესასწაულო, ზოგჯერ - სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
      ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
    გარდაიცვალა 1975 წლის 30 დეკემბერს .





ლადო (ვლადიმერ) დავითის ძე გუდიაშვილი - მე-20 საუკუნის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1950), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეარი (1966), პროფესორი.










ბიოგრაფიული ცნობები :

       დაიბადა თბილისში 1896 წლის 18 მარტს რკინიგზის მუშის ოჯახში. სწავლობდა თბილისში, კავკასიის ნატიფი ხელოვნების საზოგადოების ფერწერისა და ქანდაკების სკოლაში (1910-1914). 1914 ჟურნალ "თეატრსა და ცხოვრებაში" დაიბეჭდა მისი პირველი ნახატები. 1916 წელს სხვა მოღვაწეებთან ერთად დააარსა ქართველ ხელოვანთა საზოგადოება; 1917 წელს მონაწილეობდა ე. თაყაიშვილის მიერ მოწყობილ სამხრეთ საქართველოს ექსპედიციაში - გაეცნო ქართულ ზეგლებს, იღებდა ფრესკების პირებს. 1919 წელს მონაწილეობდა რესტორან "ქიმერიონის" მოხატვაში (თბილისი), ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაში (70-ზე მეტი ნამუშევარი); 1919-1926 წლებში პარიზში მეცადინეობდა რონსონის ე. წ. "თავისუფალ აკადემიაში". მონაწილეობდა გამოფენებში პარიზში, ბელგიაში, ამერიკაში და სხვა. 1922 და 1925 პერსონალური გამოფენები გამართა პარიზში. პრესა ფართოდ აშუქებდა მის შემოქმედებას. 1925 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი გუდიაშვილის შესახებ, მისი ნამუშევრები შეიძინეს კერძო კოლექციონერებმა, მადრიდის მუზეუმმა "პრადომ".
       გარკვეული პერიოდი გუდიაშვილი ეკუთვნოდა ქართველ პოეტთა ჯგუფს “ცისფერყანწელებს” (1914-1918), რომელთა მიზანი ქართული ეროვნული ხასიათის ევროპული და კერძოდ ფრანგული სიმბოლიზმის შემოქმედებით სტრუქტურასთან ორგანული შერწყმა იყო. პარიზში ის განთქმული ”ლა რუშის” მწერალთა კოლონიის ხშირი სტუმარი გახლდათ. აქ ის ხვდება ზულოაგას, ამედეო მოდილიანის, ნატალია გონჩაროვას და მიხაილ ლარიონოვს. გუდიაშვილის ამ დროინდელ ნამუშევრებს ნიკო ფიროსმანაშვილის დიდი გავლენა ეტყობა.
      გუდიაშვილი ასევე ცნობილია, როგორც მონუმენტალისტი. 1946 წელს მან ქაშვეთის ეკლესიის (თბილისი) კედლები მოხატა, რისთვისაც ის კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და თბილისის სამხატვრო აკადემიდან, სადაც 1926 წლიდან ასწავლიდა, დაითხოვეს.
გუდიაშვილი ასევე მუშაობდა, როგორც წიგნების ილუსტრატორი, კინოსა და თეატრის დეკორატორი. გარდაიცვალა 1980 წლის 20 ივლისს, თბილისში.





ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი.







    ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს ღებულობდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.


ალექსანდრე ბანძელაძე (დ. 27 თებერვალი, 1927, ქ. ტულუნი, ირკურტსკის ოლქი ― გ. 13 ივნისი, 1992, თბილისი) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).

ბიოგრაფია

1942-1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრები: გ. ტაბიძის (1951), დ. ჭიჭინაძის (1952) და ნ. ჩიქოვანის (1957) პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი" (16 ფურცელი, 1957 წელს მიიღო საკავშირო აკადემიის ვერცხლის მედალი), რ. კიპლინგის - "მაუგლი" (104 ილუსტრაცია, 1960) და სხვა. "არსენას ლექსი" (ტუში, 1964, წიგნის გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის 1966 წელს მიიღო პრიზი ბრნოს საერთაშორისო ბიენალეზე, ხოლო 1968 - მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენაზე ლაიფციგში). ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია (1979-1988). საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993, სიკვდილის შემდეგ).







გიორგი (გიგო) ივანეს ძე გაბაშვილი (დ. 9 ნოემბერი/21 ნოემბერი, 1862, თბილისი ― გ. 28 ოქტომბერი, 1936, ციხისძირი, ქობულეთის რაიონი, აჭარა) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი (1929), ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბიოგრაფიული ცნობები :

1882-1883 სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ბატალისტ ფ. რუბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო-ისტორიულ მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს. 1886-1888 სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში აკადემიური მიმართულების პროფესორ ბ. ვილვალდესთან, 1894-1897 - მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1894 იმოგზაურა შუა აზიაში, საიდანაც ჩამოიტანა მრავალი ჩანახატი და ეტიუდი, რომლებიც შემდეგ სურათებისათვის გამოიყენა. 1898 იყო იტალიაში და საბერძნეთში. სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888-იდან. 1891 თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა.




    
     გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. მისი ნამუშევრების თემატიკა მტავალფეროვანია. გაბაშვილმა შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა (ილ. ჭავჭავაძე, 1907-1908; ა. წერეთელი, 1913; გრ. ორბელიანი, 1913; ყველა საქართველოს მწერალთა კავშირის კავშირის სახლი; ავტოპორტრეტი, 1932; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია; მომღერალი ფილიმონ ქორიძე გუდალის როლში, 1902-1905, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი); არისტოკრატიის წარმომადგენელთა ტიპიზებული პორტრეტები ("უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი", ორივე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; "სამი გენერალი", 1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია). სხვადასხვა სოციალური ფენისა და კუთხის წარმომადგენელთა სახეები ("მძინარე ხევსური", 1898; "მთვრალი ხევსური", 1899; "მთვრალი ხევსურები", 1899, ყველა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი; "სამი მოქალაქე", 1893, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და სხვა).
      გაბაშვილმა ხელი შეუწყო ახალი ქართული მხატვრობის პროფესიული დონის ამაღლებას, პირველმა დაამკვიდრა მხატვრობაში თანამედროვე ცხოვრების მიერ შთაგონებული ეროვნული თემატიკა, საფუძველი ჩაუყარა ძირითადი ფერწერული ჟანრები განვითარებას ქართულ მხატვრობაში. მისი საუკეთესო ნამუშევრები დიდი ფერწერული ოსტატობითა და ცხოველი კოლორიტით გამოირჩევა.
     გაბაშვილი ადრევე შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1897 თბილისში დააარსა სამხატვრო სტუდია, 1990-იან წლებში ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში (1901-იდან დირექტორი). ის იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი (1922).
გაბაშვილის რეალისტურ, დემოკრატიულ ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს ქართული კულტურულ მემკვიდრეობაში.










No comments:

Post a Comment